- ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორია
- მოიცავს ფედერაციის სუბიექტთა ტერიტორიის ერთობლიობას. ეს წესი მოქმედებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ზოგიერთ სხვა ფედერაციულ სახელმწიფოში. ამავე დროს, ზოგიერთი ფედერაციული სახელმწიფო იცნობს ფედერალური ტერიტორიების ინსტიტუტს ანუ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც ფედერალური ხელისუფლების უშუალო მმართველობაშია. ძირითადად, ეს არის ტერიტორიები, რომლებსაც მოსახლეობის, საწარმოო-ეკონომიკური და სხვა რესურსების სიმცირის გამო არ შეუძლიათ ავტონომიური ფუნქციონირება, ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიებია, ან ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ქვეყნის დედაქალაქი.ფედერალური ტერიტორიების ინსტიტუტი პირველად დამკვიდრდა აშშ-ის პოლიტიკურ პრაქტიკაში. აშშ-ის სახელმწიფოს „მამების“ მოსაზრებით, ჯერ კიდევ სუსტი და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ცენტრალური სახელმწიფო ბიუროკრატია ბევრად იქნებოდა დამოკიდებული ფედერაციის სუბიექტის მთავრობაზე, თუ ფედერაციის დედაქალაქი უშუალოდ არ დაექვემდებარებოდა ფედერალურ ხელისუფლებას.Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
Georgian encyclopedia. 2013.